საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია

საქართველოს მთავარი ინფექციონისტის პროგნოზით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, აპრილის თვე, სავარაუდოდ მაისის პირველი ნახევარიც რთული იქნება
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბათუმში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი საავადმყოფო ამოქმედდება >>

ამ დროისათვის საქართველოში დაავადებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 28 პირი. კიდევ ორი ავსტრიელი, რომლებსაც კორონავირუსი საქართველოში დაუდასტურდათ, სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად ქართულ კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 126 პაციენტი მკურნალობს.

„იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი

ასევე მან განაცხადა, რომ მედიკოსები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

„დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველოსთვის ეს თვე და მომდევნო თვის ნახევარიც მძიმე იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც ინფექციის გავრცელების შეკავებისთვის არის მიღებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, რამდენიმე დღის წინ ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადეს.