„ქვეყანაში საკმარისი მარაგი გვაქვს“ - გახარიამ მოსახლეობა დაამშვიდა

შაბათს ბათუმის პორტში შევიდა ორი გემი, რომლებითაც საქართველოში 63 ათასი კილოგრამი სურსათი და მედიკამენტი შემოვიდა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში საკმარისი ოდენობის სასურსათო მარაგებია, რომელიც მუდმივად ივსება, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გამყრელიძე: საკმაოდ რთული და მძიმე იქნება აპრილი და ალბათ მაისის პირველი ნახევარიც >>

კორონავირუსის აფეთქების ფონზე საქართველოს მოსახლეობამ სურსათის მომარაგება დაიწყო, ამან კი ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტი შექმნა. მთავრობამ უკვე დაიწყო სურსათის სტრატეგიული მარაგის შექმნა და 16 მილიონ ლარს დახარჯავს იმ პროდუქტების შესაძენად, რომელთა იმპორტზეც არის დამოკიდებული საქართველო.

„დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება. სწორედ ამიტომ გახლდით ჩვენ დღეს ბათუმის პორტში და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არც ერთი წუთით არ გაჩერდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბათუმში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალი საავადმყოფო ამოქმედდება

მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს პორტების გავლით ქვეყანაში სურსათის მარაგი შემოდის და პანდემიის პერიოდში საზღვაო გზა ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

მთავრობის ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმის პორტში 150%-ით მეტი ტვირთი შევიდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად დახვდა ორ გემს, რომლებმაც ქვეყანაში თითქმის 63 ათასი კილოგრამი ტვირთი (სურსათი და მედიკამენტები) შემოიტანეს.

პორტში შემოსული ყველა ტვირთი დეზინფექციას გადის, დეზინფექცია უტარდება ასევე იმ ტრანსპორტს, რომლითაც ტვირთები გადაიზიდება.