გამყრელიძე: სასწრაფოს ექიმის შემთხვევაში ათეულობით კონტაქტი იყო

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში სასწრაფო დახმარების ექიმის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს და უკვე ძალიან ბევრი კონტაქტია იდენტიფიცირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი >>

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მეორე ინფიცირებული მედიკოსი ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლის მეუღლეა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

„იდენტიფიცირებულია ძალიან ბევრი კონტაქტი. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, მათ შორის ეპიდანამნეზის შეგროვებით და ასევე ტესტირებით. ათეულობით კონტაქტია. სადაც საჭიროა, ყველასთან მიმდინარეობს შესაბამისი ჩაღრმავებული კვლევა, სადაც საჭიროა. მათი სინჯის აღება ადგილზე ან ჩვენთან ხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  ბოლო  მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.