გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შედეგები მოჰყვება მოსწავლეებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეწყდა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დისტანციური განათლება, ბუნებრივია, ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე.

„ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. 

დგებუაძე: სემესტრი შედგება და მოსწავლეები მომდევნო კლასში გადავლენ

პროექტის ფარგლებში „ტელესკოლაზე“ წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ წვდომა ინტერნეტზე.

პროექტი მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

მანამდე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მიმდინარე სემესტრი შედგება და მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს დაასრულებენ.

„სამინისტრო ყველა ტიპის სცენარის განვითარებაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო პროცესის მაისის პირველ რიცხვებში აღდგენა მოხერხდება, შესაძლებელი გახდება სასწავლო პროცესის დასრულება გარკვეული რეკომენდაციების საფუძველზე“, – განაცხადა დგებუაძემ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 26, კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.