ოჯახში ძალადობა და მუქარა: პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა

ბრალდებულმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა გორში ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მორიგი ოჯახური ძალადობა თბილისში: დაკავებულია 41 წლის მამაკაცი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოფელ სვენეთში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს 28 წლის მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 11 პრიმა–151-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. ამგვარი დანაშაულის მსხვერპლი უმეტესწილად ქალია.