გიორგი გახარია: მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მომავალი ორი კვირა მორწმუნეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 7 აპრილს ხარებაა, 12 აპრილს – ბზობა, 17 აპრილს – წითელი პარასკევი.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. კარგად გვესმის ეკლესიის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და მისი პირდაპირი ვალდებულება – იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

ტაძრის კარი ღია დარჩება: ილია მეორემ მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გაავრცელა

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130-ს მიაღწია. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვაა.

„ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს ვიყოთ ეზოში... მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და იქ, სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში – ეს არის მთავრობის რეკომენდაცია“, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ საქართველოს საპატრიარქომ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. 

კალაძე სასულიერო პირებს: გთხოვთ, მრევლს მოუწოდოთ, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ

გახარიას თქმით, არსებობს „ფრთხილი იმედები“, რომ სიტუაცია აღდგომის დღესასწაულისთვის გამოსწორდება.

„არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ სამი კვირაა და ვნახოთ. ფრთხილი, ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა ეს არ იქნება მარტივი“, – აღნიშნა გახარიამ.

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მომავალი ორი კვირა მორწმუნეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია – 7 აპრილს ხარებაა, 12 აპრილს – ბზობა, 17 აპრილს – წითელი პარასკევი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს. ამასთან, ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელება უკვე უკონტროლოა და ორი ინციფირებულის შემთხვევაში წყარო უცნობია.