შედეგით ყველა აღფრთოვანებული დარჩა, ნინიმ კი გადაწყვიტა არ გაჩერებულიყო და სანათების წარმოება დაეწყო. მის მიერ შექმნილი არასტანდარტული სანათები ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება და სახლს ძალიან მყუდროს ხდის.
- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც ვაგრძელებ ცოდნის ამაღლებას, ამიტომ ხშირად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგსა და ლექციას. ასევე, ვსწავლობ ვებ ინტერფეისის დიზაინს. ძალიან საინტერესოა ეს ორი სფერო როგორ კვეთს და ავსებს ერთმანეთს.
- სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. სანათების შექმნა რატომ გადაწყვიტეთ? როგორ დაინტერესდით ამ საქმით?
- სანათების შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი. მინდოდა განსხვავებული და ორიგინალური ყოფილიყო, ამავე დროს, პერსონალური და სიმბოლური დატვირთვა ჰქონოდა. ბაზარზე ვერ ვნახე ასეთი პროდუქტი და გადავწყვიტე თავად შემექმნა. ჩემი პირველი სანათი ფეისბუქ გვერდზე გავაზიარე და საკმაოდ დადებითი შეფასებები მოყვა, რამაც გადამაწყვეტინა ონლაინ მაღაზიის გაკეთება.
- ყველა დეტალს თავად აგვარებთ, საქმეს მარტო უძღვებით თუ ვინმე გეხმარებათ?
- თავიდან ბევრ რამეს მარტო ვაკეთებდი, თუმცა ახლა რამდენიმე ადამიანი შემომიერთდა გუნდში. „სტელას“ სანათით ბევრი ინტერესდება და იმედი მაქვს მალე უფრო მეტად გავიზრდებით და გავფართოვდებით.
- განსხვავებულ და ორიგინალურ სანათებს ქმნით. იქნებ დეტალურად აუხსნათ ჩვენს მკითხველს, რით არიან ისინი გამორჩეული?
- „სტელას“ სანათი განსხვავებულია იმით, რომ მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის გემოვნებასა და სურვილებზე. მათ საშუალებას ვაძლევთ სასურველი დიზაინის, გამოსახულების, განათებისა და ფორმის სანათი აარჩიონ საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე.
- როგორ იქმნება თქვენი სანათები?
- სანათის შეკვეთის და დამზადების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული გვაქვს. მომხმარებელი გვიგზავნის ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ან მეილზე ფოტოს, სასურველ გამოსახულებას და ამის შემდეგ ერთ კვირაში ვუმზადებთ სანათს.
- ყველაზე ხშირად როგორი თემატიკის სანათებს გიკვეთავენ?
- ყველაზე ხშირად გვიკვეთავენ ახალდაქორწინებული წყვილები და შეყვარებულები. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სანათების მთავარი თემა სიყვარულია.
- როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უკავია ინტერიერში გემოვნებით და სწორად შერჩეულ სანათს?
- განათება სივრცის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ფერები გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და განწყობაზე. მაგალითად, ყვითელი ფერი ხელს უწყობს მოდუნებას და რელაქსაციას. აქედან გამომდინარე, განათების დაყენება შეიძლება ოთახის ფუნქციიდან გამომდინარეც, რათა უფრო კომფორტული გარემო შევიქმნათ. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სანათის ფორმაც, რომელიც ოთახის სტილის „შეკვრაში“ გვეხმარება.
- როგორ ინტერიერს უხდება თქვენი სანათები?
- ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ფერის განათებას და დიზაინს, რაც საშუალებას აძლევთ მათ თავად შეარჩიონ სანათი, რომელიც ინტერიერს ბევრად უფრო გაალამაზებს და გაანათებს.
ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა და ძალიან გვიხარია, როდესაც მომხმარებელი კმაყოფილია სანათით. თავიანთ ემოციებს ხშირად გვიზიარებენ ვიდეოს სახით. ეს სიხარული და დადებითი ემოცია ბევრს ნიშნავს ჩვენი გუნდისთვის.
- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- სამომავლოდ გვსურს მეტად გავფართოვდეთ, მეტი პროდუქტი დავამატოთ და ამჟამად ახალ იდეებზეც ვმუშაობთ.