საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო

მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოხმარდება ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდი ლარი გამოყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს>>

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხის გამოყოფა იმიტომ გახდა საჭირო, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო თითოეულმა მოქალაქემ პირდაპირი ეკონომიკური ზიანი მიიღო.

„ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას წლის დასაწყისში ჰქონდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურს გააკეთებს, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შეინარჩუნოს მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, მხარი დაუჭიროს და მისცეს საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ეკონომიკის სისტემურ დარგებს.

პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია, ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ საჭირო გახდეს ამ დახმარების გაზრდა.

გახარიას განცხადებით, გამოყოფილ 2 მილიარდ ლარში არ შედის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმართული თანხა, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია ვირუსთან გამკლავება ისე, რომ საქართველოს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება

საკარანტინო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში, ბუნებრივია, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. პირველი დარტყმა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებმა მიიღეს. ამ სფეროებში მომუშავე ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესზე კორონავირუსის გამო ნეგატიური ეფექტის შერბილების მიზნით უკვე მიიღო გარკვეული ზომები.

კერძოდ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. მთავრობამ გადასახადები 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ამას გარდა, თბილისში რიგი კომპანიები ამ წლის განმავლობაში მიწის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით>>

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.