გახარია: მოსახლეობის ნაწილს სამი თვის კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება

მოქალაქეებს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბომეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები სრულად დაუფინანსდება. დაფინანსებაში შედის დასუფთავებისა და წყლის გადასახადიც.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ნაწილს დენისა და გაზის გადასახადს სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტრონერგიისა და გაზის გადასახადების დაფინანსება მთავრობამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით მიიღო.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას ესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი.

კალაძე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით: დახმარებები იქნება საქართველოს მასშტაბით

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.