ეპიდემიოლოგის პროგნოზი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მასშტაბების შესახებ

თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდება ასობით და არა ათასობით ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველო მაქსიმალურად ახერხებს კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების შველას და 1 აპრილისთვის სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მომავალში ლეტალური შემთხვევების სრულად გამორიცხვა, სამწუხაროდ, შეუძლებელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ეპიდემიოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.   

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი შეიცვალა

ამასთან, მისი პროგნოზით, თვითიზოლაციის რეჟიმის დროულად შემოღების წყალობით საქართველოში კორონავირუსით გაცილებით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება, ვიდრე ევროპაში.

„ჩემი პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, შეიძლება სიკვდილიანობის გრაფაში ციფრიც გაჩნდეს, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ წამყვანი ევროპული ქვეყნებიდან ამ განსხვავებას. ანუ, ჩვენ გვექნება გავრცელება, მაგრამ, ვფიქრობ, დაინფიცირდება ასობით და არა ათასობით ადამიანი. როდის დასრულდება ყველაფერი და ჩვენ როგორ გავუმკლავდებით – ეს რთული კითხვაა. არავინ იცის, კორონავირუსი როგორ მოიქცევა, რამდენადაც იგი ახალი ვირუსია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი პროგნოზით, ინფექციის გავრცელების პიკი ქვეყანაში 2–3 კვირის შემდეგ იქნება, რის შემდეგაც ინფიცირების შემთხვევები კლებას დაიწყებს. 

„პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა...“ – ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა

ცერცვაძემ ასევე ისაუბრა იმ მოდელზე, რომლის გამოყენებასაც ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აპირებს. მისი სიტყვებით, რაიონულ პოლიკლინიკებში ოჯახის ექიმებთან ვიზიტები შეიძლება გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო, ამიტომაც ქვეყანაში შეიქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრები, სადაც სპეციალურად გადამზადებული ექიმები იმუშავებენ.

ამ მოდელის თანახმად, „112“-ში დარეკვისას პაციენტის ზარი გადამისამართდება ე.წ. ცხელების ცენტრში, სადაც მას კონსულტაციას გაუწევს სპეციალურად მომზადებული ექიმი.

„საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მოქალაქეს ჰქონდა თუ არა უცხოეთში მოგზაურობის ისტორია, ან იმყოფებოდა თუ არა ინფიცირებულთან კონტაქტში, მან აუცილებლად უნდა დარეკოს „112“-ში.

ცერცვაძის სიტყვებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო და თბილისის ზღვის საავადმყოფო ამ რეჟიმში მუშაობისთვის მზად არიან.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.