თბილისი, 31 მარტი – Sputnik. აფხაზეთის გალის რაიონიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციული საზღვრის გავლით დღეს მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
მამაკაცსა და არასრულწლოვნებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან, მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდებათ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია.
31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.
აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით 50 წლის ქალი გადმოიყვანეს>>
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
მანამდე, 21 მარტს კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.
ნიკა ლატარია