ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ-გადახდის სერვისები.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველო საკარანტინო ზონების გაზრდისთვის მზადაა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის გარდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ამ პერიოდში გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.

მანამდე, 21 მარტს ქვეყნის მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეიდან ასევე დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობაც.

„აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ“, – აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე. 
საყოველთაო კარანტინის წესებს პოლიცია აკონტროლებს

ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ აგრძელებენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და POS-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და POS-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

უწყების ინფორმაციით, ამ შეზღუდვის პირობებში მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ-გადახდის სერვისები.  

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 108-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 4995, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანია.