საქართველოში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“

სკოლის მოსწავლეები დღეიდან შეძლებენ მასწავლებლებს ტელეეკრენებიდან მოუსმინონ სპეციალური გაკვეთილების ცხრილის მიხედვით.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროექტი „ტელესკოლა“ ორშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყო. პროექტი მოწოდებულია საგანგებო მდგომარეობის დროს მოსწავლეებს დისტანციურად დაეხმაროს პროგრამის ათვისებაში.

„ტელესკოლა“: როგორ იმუშავებს საქართველოში განათლების სამინისტროს ახალი პროექტი>>

„ტელესკოლა“ ტელევიზიის ეთერში მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს. პროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სწავლა შეჩერდა, ინტერნეტით დისტანციურ სწავლებაზე კი, სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი.

ახალი საგანმანათლებლო ტელეარხის სახელწოდება, რომელზეც „ტელესკოლის“ ტრანსლირება ხდება, არის „პირველი არხი – განათლება“ და მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ბაზაზე.

პროექტი „ტელესკოლა“ მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს. პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის

პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ „კლასგარეშე გაკვეთილები“ – მათ დასვენების დღეებში აჩვენებენ. მოსალოდნელია, რომ ეთერით გადაიცემა ასევე სპორტის, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები, აგრეთვე პროგრამირების გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები კომპოზიტორისა და შემსრულებლის დათო ევგენიძისგან და „მშობელთა საათი“.

„ტელესკოლის“ ეთერით გადაიცემა ასევე დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), Arte-ს და BBC-ს დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები.

პროგრამაში იქნება „აბიტურიენტის საათიც“, რომლის დროსაც აბიტურიენტები მოისმენენ პასუხებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.