მსოფლიო დღეს

COVID-19-ის ატიპური სიმპტომები ახსნილია: მეცნიერები „დამნაშავე“ ორგანოს ასახელებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ სიმპტომებს ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერ აღიარებს COVID-19-ის სიმპტომებად, თუმცა ისინი უკვე ძალიან ბევრ ინფიცირებულს გამოუვლინდა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ახსნილია ინფიცირებულ ადამიანებში COVID-19-ის არატიპიური სიმპტომების გამოვლენა, როგორებიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, აცხადებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები. 

ინფიცირების „ჭიშკარი“: ჩინელი მედიკოსი COVID-19-სგან თავდაცვის აუცილებელ მეთოდს ასახელებს

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ოტორინოლარინგოლოგიის აკადემიის მეცნიერებმა და ასევე მათმა კოლეგებმა ბრიტანეთის ოტორინოლარინგოლოგ ექიმთა ასოციაციიდან კორონავირუსით ინფიცირებისას გემოსა და ყნოსვის ნაწილობრივი დაკარგვა დაავადების არატიპურ სიმპტომებს მიაკუთვნეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ნიშნებს ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერ აღიარებს COVID-19-ის სიმპტომებად, თუმცა ისინი უკვე ძალიან ბევრ ინფიცირებულს გამოუვლინდა მსოფლიოში.

ჰარვარდელმა მეცნიერებმა კვლევა თაგვების, პრიმატებისა და ადამიანის გენომებზე ჩააატარეს. შედეგად დადგინდა, რომ ცხვირის ღრუში არსებული გარკვეული უჯრედები ვირუსს უმალავს იმ ცილებს, რომლებიც აუცილებელია მისთვის ორგანიზმში ინფექციის შესატანად. და თუ ეს უჯრედები დაინფიცირდა, COVID-19 ორგანიზმში აღწევს და ვლინდება იმგვარი სიმპტომები, როგორებიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამ უჯრედების ინფიცირება პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია ყნოსვის დისფუნქციასთან. ეს მოდელი პოტენციურად ხსნის COVID-19-ით დაავადებულთა შორის ანოსმიის კლინიკურ გამოვლინებას“, – ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებას, შესაძლოა, ხელს უწყობდეს ცხვირში არსებული შემაერთებელი ქსოვილების დაზიანებაც.

შუაღამიდან დილამდე: „არ დამიხოცოთ შვილები!“ - COVID 19-ის გამავრცელებელი პატიებას ითხოვს>>

მანამდე ჩინელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ქუჩაში გასვლის შემდეგ ცხვირის გამორეცხვა ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების რისკს, და რომ ეს პროცედურა ხელების დაბანაზე არანაკლებ ეფექტურია. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 723 700 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 34 018 და განკურნებულია 152 032 პაციენტი.