საქართველოში აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა გრძელდება

ამ დროისათვის სარემონტო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე ტარდება. პროექტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრიდან ფოთამდე გზის გავლის დრო თითქმის განახევრდება.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

აზიის განვითარების ბანკი რიკოთზე გზის მშენებლობას დააფინანსებს

„გზის სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12,2-კილომეტრიან, უბისა-შორაპანის 13-კილომეტრიან და ჩუმათელეთი-ხევის 11,7-კილომეტრიან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. მთლიანობაში სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ხორციელდება 32 ხიდზე და 25 გვირაბში.

შორაპანი-არგვეთის მეოთხე, 14,7 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.