თბილისი, 29 მარტი - Sputnik. გასულ ღამით თბილისის ტელეანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა - ამით საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა ესპანეთს, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს.
29 მარტისათვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 73 235 შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის 6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 12 ათასზე მეტი პაციენტი. ესპანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს - აშშ-ის, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, და მეორეს ევროპის ქვეყნებს შორის.
„ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ – ასეთია საქართველოს გზავნილი ესპანეთს.
რამდენიმე დღის წინ საქართველომ სოლიდარობა გამოუცხადა იტალიელ ხალხს და თბილისის ტელეანძა იტალიის დროშის ფერებით გაანათა.
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა >>
რაც შეეხება საქართველოს, სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ს მონაცემებით, 29 მარტისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინზე 4 717 ადამიანი იმყოფება და 268 პირი მკურნალობას სტაციონარებში გადის.