როდის გააუქმებენ საქართველოში კომუნალურ გადასახადებს

კორონავირუსის აფეთქების შემდეგ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, თუმცა ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების შეღავათებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მთავრობის წარმომადგენლები კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავენ.

დავითაშვილი: ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია >>

იენს სტოლტენბერგი:  საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას

კორონავირუსის აფეთქების და საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ტურისტული ობიექტები, რესტორნები და ბუტიკები დაკეტილი და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

სანამ კომისია და მთავრობა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადაუხდელობის გამო 100 აბონენტს ბუნებრივი აირი გაუთიშეს, აქედან 50 - კომერციული ობიექტია, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ქვეყნის სხვა რეგიონებისა და დედაქალაქის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში გაზისა და ელექტროენერგიის გათიშვის მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ წერენ, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ჯერ კიდევ უცნობია. ადამიანები სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ მთავრობამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს კომუნალური გადასახადების გადავადებაზე, და არა საბანკო შეღავათებზე.

„სამწუხაროდ, როდესაც გამოიცა საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება, იქ საუბარი არ ყოფილა საშეღავათო პერიოდზე, ამიტომ ვინც არ იხდის გადასახადს, მას, ძველებურად უთიშავენ ელექტროენერგიას, გაზსა თუ წყალს”, - განუცხადა „რეზონანსს“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენის თქმით, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების შემოღებაზე მოლაპარაკებების შესახებ, რადგან იგი ამ პროცესში ჩართული არ არის, მაგრამ თვლის, რომ შეღავათების დაწესება აუცილებელია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის.

70 წელს გადაცილებული პენსიონერები აპრილის თვის პენსიის მოხმარებას უკვე ხვალიდან შეძლებენ

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი საკითხის გადაჭრის გზებს სთავაზობს.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ რა სახის რესურსები აქვთ კომპანიებს. როდესაც ასეთი არაორდინარული ვითარებაა, მათაც უნდა დათმონ. ახლა ქვეყანასა და მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ. ალბათ, მთავრობა ბიუჯეტიდან სუბსიდირებას მოახდენს, მაგრამ კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ნაწილობრივ უარი თქვან მოგებაზე. სანაცვლოდ, სახელმწიფოს შეუძლია ამ პერიოდისთვის ისინი გადასახადებისგან გაათავისუფლოს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესდება, ვერანაირ ხარჯებს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკა გაჩერებულია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი დაწესდა.