საქართველოში პროდუქტებს პანიკურად აღარ ყიდულობენ

აჟიოტაჟი სუპერმარკეტებში დაცხრა – ადამიანები დარწმუნდნენ, რომ მაღაზიების თაროები კვლავ სავსეა და პროდუქტების მომარაგების აუცილებლობა არაა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ქვეყანაში პროდუქტების პანიკური ყიდვა აღარ შეიმჩნევა, ამის შესახებ ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, უწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი, მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. ადამიანებმა კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მასობრივი შეძენა დაიწყეს.

პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა

დიდი სუპერმარკეტების ქსელების ხელმძღვანელებთან მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა იყო ცხრა ძირითადი პროდუქტის (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, მშრალი რძე, წიწიბურა, ლობიო) შეუფერხებელი მოწოდება და მათზე ფასების შენარჩუნება. შეხვედრას საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენიც ესწრებოდა.

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა მინისტრი დაარწმუნეს, რომ ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი, რამდენი თვის სამყოფი მარაგია, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა პანიკურად იძენდა პროდუქტებს, ეს, პრაქტიკულად, აღარ შეიმჩნევა.

„რთული საკითხია, რა თქმა უნდა, ფასების საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან. ამაზეც გვქონდა მსჯელობა, რომ ორმა რგოლმა – მომწოდებლებმა და დისტრიბუტორებმა ერთმანეთთან შეათანხმონ პირობები, რომ მოსახლეობაზე ეს ნაკლები ზეწოლით აისახოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

უფრო ადრე მინისტრმა განაცხადა, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, არ დაყოვნდება ხორბლისა და ფქვილის მოწოდება. ამ მიზნით სოფლის მეურნეობის სამინიტრომ შეიმუშავა კვების პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოხდება იმ იმპორტიორი კომპანიების სუბსიდირება (ვალუტის კურსის სხვაობის სუბსიდირება), რომლებიც კვების ძირითად ცხრა პროდუქტს ყიდულობენ და შემოაქვთ ქვეყანაში.

ლევან დავითაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, პასუხისმგებელია სურსათის მოწოდებაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტზე.

საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ>>

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისათვის ინფიცირებულია 81 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა.