თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსისგან სიკვდილიანობას თითქმის 4,5-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. შესაბამისი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში JAMA Cardiology.
სპეციალისტები აკვირდებოდნენ ქალაქ უჰანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში განთავსებულ 416 ინფიცირებულს, რის შედეგადაც დაასკვნეს, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშობის დაღვევასა და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს.
გაირკვა, რომ სიკვდილის შემთხვევები უფრო მეტი იყო გულის პრობლემის მქონე პაციენტებს შორის (42 ლეტალური შედეგი 82-დან), ვიდრე მათ შორის, ვისაც ამგვარი დაავადება არ აწუხებდა (სიკვდილის 15 ფაქტი 334-დან).
„გულის პრობლემები დამახასიათებელი იყო COVID-19-ით ინფიცირებული ადამიანებისთვის უჰანში, რითიც შეიძლება აიხსნას მაღალი სიკვდილიანობა ჰოსპიტალიზაციის დროს“, — ირწმუნებიან მეცნიერები.
მკვლევარების თქმით, გულის დაავადებების მქონე პაციენტებს, სხვებთან შედარებით, ათჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ პნევმონიის მძიმე ფორმა. ამის მიზეზად მეცნიერები ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის მოქმედებას ასახელებენ.
COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ>>
ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ გულის მუშაობის მექანიზმის დაზიანების შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია და ეს გართულება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული COVID-19-ის მკურნალობისას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში სულ ინფიცირების 549 604 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 24 863 და განიკურნა 127 531 ინფიცირებული.