მსოფლიო დღეს

„ჩემი ქალიშვილი რეანიმაციაში მუშაობს... ეს შემაძრწუნებელია“ – რას ამბობს ამერიკელი ექიმი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, აშშ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე განკურნებული.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. უკაცრიელი ქუჩები, დაკეტილი მაღაზიები, სასტიკი რიცხვები ყოველდღე — ეს მხოლოდ რეალობის მცირე ნაწილია, ამბობს ნიუ-იორკელი ექიმი სტივ კასპიდისი.

მისი თქმით, „ეს „ბიბლიური ჯოჯოხეთია“.

„სტივ კასპიდისმა იცის, რასაც ამბობს. ის მოვლენების ეპიცენტრშია — ქვინსის მაუნთ-სინაის საავადმყოფოში, ამ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე ინფიცირებული ქალაქის – ნიუ-იორკის ყველაზე ინფიცირებულ რაიონში“, — წერს SKY News-ი.

დოქტორ კასპიდისის თქმით, ადამიანები უწყვეტად აკითხავენ საავადმყოფოს, მათ სუნთქვა უჭირთ, ისინი უჰაერობით კვდებიან და სისტემა ამას ვერ უმკლავდება. 

COVID-19: პანდემიის გამო კაცობრიობის ნახევარი იზოლაციაშია

„ჩემი ქალიშვილი ინტერნია ბრუკლინში. დღეს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწყებს მუშობას და მე წუხელ მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. ეს შემაწრძუნებელია“, — ამბობს ექიმი.

მისი თქმით, ნიუ-იორკისთვის კატასტროფა უჩვეულო არ არის, მაგრამ ახლა „გრძნობ, რომ შეუცნობლის ზღვარზე დგახარ“.

აღსანიშნავია, რომ, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, აშშ ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე განკურნებული.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 69 197 ადამიანი, აქედან გარდაცვლილია 1046, ხოლო გამოჯანმრთელებულია 619 კაცი.  

სხვა ქვეყნები, სადაც მსგავსი ვითარება შეინიშნება, არიან: შვეიცარია (165 გარდაცვლილი – 131 განკურნებული), დიდი ბრიტანეთი (467 — 141), ნიდერლანდები (357 — 6), ნორვეგია (14 — 6), პორტუგალია (43 — 22), ბრაზილია (60 — 6), შვედეთი (54 — 16), თურქეთი (59 — 26), ეკვადორი (29 — 6) და სხვ.