თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყოფენ.
საგარეო უწყება: სამშობლოში ეტაპობრივად საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდება >>
როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-სამსახური იტყობინება, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნათ დამატებითი შეფერხებები. უწყებამ შეასრულა იმ მოქალაქეების თხოვნა, რომლებმაც საელჩოებსა და საკონსულოებს მიმართეს.
„გერმანიაში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქის საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით დახმარება. ასევე, საქართველოს საელჩოს დახმარებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ მოქალაქეს ქართველი ექიმის შესაბამისი კონსულტაცია გაეწია. საქართველოს მოქალაქეები ასევე უზრუნველყო საცხოვრებლითა და პირველადი მოხმარების საგნებით ნიდერლანდებში საქართველოს საელჩომ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით ანაზღაურებენ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსულოები უცხოეთში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად ატყობინებს მოქალაქეებს ჩარტერული რეისების შესახებ, რომლებიც მათი სამშობლოში დასაბრუნებლად კვირაში რამდენჯერმე ხორციელდება.
21 მარტიდან საქართველომ სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. ფრენები შესრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინში თავსდება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებს უცხოეთიდან გარდაცვლილი თანამემამულეების ცხედრების გადმოსვენების პროცედურას. ჯანმოს ეს მოთხოვნა ყველა ქვეყანას ეხება. საგარეო პოლიტიკური უწყების ეს განცხადება უკავშირდება ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალებას.
18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.
16 მარტიდან ასევე დროებით შეწყვეტილია მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსა და რუსეთს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება საქართველოს და რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ და ასევე არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.