ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

„ეს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ასევე მოწესრიგდება ვიზუალური ნაწილი და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებული პრობლემები. აქამდე თუ „თბილსერვის ჯგუფს“ ყოველდღე უწევდა მუშაობა და ნაგვის გატანა, ამ შემთხვევაში მოუწევს სამ დღეში ერთხელ. როდესაც ურნების გადავსება მოხდება, ავტომატურად სიგნალი მოგვივა, მოვა შესაბამისი მანქანა და მოახდენს ნარჩენების გატანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე აღჭურვილია ხუფით ქვეითების უსაფრთხოებისთვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

„მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.

ბრძოლა კორონავირუსთან: თბილისის მერია ახალ შეზღუდვებს აწესებს>>

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო. გამზირზე საერთო ჯამში ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში 2,5 კილომეტრს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.