COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19: დასახელდა ყველაზე სახიფათო ასაკი ბავშვებში – უახლესი რეკომენდაციები

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სტივენ ზეინერი მშობლებს კატეგორიულ გაფრთხილებასა და რეკომენდაციებს აძლევს COVID-19-თან დაკავშირებით.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ბავშვების COVID-19-ით ინფიცირების დონის განსაზღვრა დაზუსტებით შეუძლებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის ანგარიშში.

ამასთან მისია განმარტავს, რომ ასევე შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რა როლს ასრულებენ ბავშვები ინფექციის გადატანაში, ნამდვილად არიან თუ არა ისინი ნაკლებად მოწყვლადები და აქვთ თუ არა მათ სხვაგვარი კლინიკური გამოვლინებები. 

COVID 19: შესაძლოა ბავშვი ინფიცირებული იყოს, მაგრამ ანალიზმა არ აჩვენოს - ბოლო კვლევა

პირველი კვლევა, რომელიც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა JAMA-მ გამოაქვეყნა თებერვალში, ჩინეთში 72 ათასი ინფიცირებულის მონაცემებს შეიცავდა. გაირკვა, რომ მათ შორის 19 წელზე ნაკლები ასაკისა მხოლოდ 2% იყო. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მისიამ, რომელიც თებერვალში ჩავიდა ჩინეთში.   

დღეისათვის ყველა მასშტაბურ პედიატრიულ კვლევაში, რომლებიც ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბავშვების უმეტესობას COVID-19 მსუბუქად გადააქვს, მძიმე ფორმა მხოლოდ 6%-ს უვლინდება. მეცნიერებს რისკის ჯგუფში შეჰყავთ ხუთ წელზე უმცროსი, სუსტი იმუნიტეტისა და ფილტვების პრობლემების მქონე ბავშვები.

საპონი COVID-19-ის ვირუსს მოკლავს, მაგრამ... ცნობილი პედიატრი მშობლებს აფრთხილებს>>

რა არის ცნობილი დღეისათვის

  • ვირუსი SARS-CoV-2, რომელმაც COVID-19-ის პანდემია გამოიწვია, აინფიცირებს როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს. ჩინეთის პროვინცია შენჩჟენში ინფექციის გავრცელების ანალიზზე დაყრდნობით გაკეთდა დასკვნა, რომ ბავშვების ახალი კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა ისეთივეა, როგორიც ზრდასრულებისა;
  • ბავშვებში COVID-19-ის სიმპტომები, უფროსებთან შედარებით, უფრო იშვიათად და სუსტად ვლინდება;
  • რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მაღალია რისკი. ჩინეთში 2 143 ბავშვის კვლევამ აჩვენა, რომ ხუთ წლამდე ბავშვებს უფრო სერიოზული სიმპტომები უვლინდებათ (სუნთქვის პრობლემების ჩათვლით), ხოლო ყველაზე მოწყვლადები ერთ წლამდე ჩვილები არიან, რომელთაც იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ აქვთ ფორმირებული;
  • ინფექციის გადადება შესაძლებელია როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისგან. ეს უჰანში დაამტკიცეს. ზოგი წინასწარი მონაცემით, SARS-CoV-2 განსაკუთრებით გადამდებია პირველი ორი კვირის განმავლობაში — მაშინაც კი, თუ ვირუსის მატარებელს სიმპტომები არ აქვს. ამასთან გაირკვა, რომ, ცემინებისა და ხველების გარდა, ინფექცია ბავშვისგან გადადის ფეკალიებიდანაც. 
COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები 

Pediatrics-ში გამოქვეყნებული მასშტაბური ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირგინიის უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელი სტივენ ზეინერი პრობლემას ასე აყალიბებს:

„ვინაიდან ბევრ ინფიცირებულ ბავშვს სიმპტომები ან საერთოდ არ აქვს, ან სუსტად უვლინდება, მნიშვნელოვანია დაიცვათ სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და სიფრთხილის სხვა ზომები, რომლებსაც ჯანდაცვის ორგანოები გაწვდიან. ამ დროს ოჯახის წევრები ბევრად მეტად მოწყვლადები არიან, განსაკუთრებით, ბებიები და ბაბუები. მით უმეტეს, თუ მათ ქრონიკული დაავადებებიც აქვთ“. 

დოქტორი ზეინერი მშობლებს ბავშვის ინფიცირებისგან დაცვის გზებს ასწავლის:

  • სრული უარი თქვით ყველანაირ სტუმრიანობასა და სხვა ბავშვებთან თამაშზე, არც თქვენ წახვიდეთ სადმე სტუმრად და არც სხვა მოუშვათ სახლში. დაიცავით სოციალური დისტანცირების პრინციპი;
  • არ გაუშვათ ბავშვი სათამაშოდ ეზოში — არც სხვებთან ერთად და არც მარტო — ვირუსი ზედაპირზე, სულ ცოტა, 48 საათის განმავლობაში ცოცხლობს, და გამორიცხული არ არის, ბავშვმა ინფექცია „აიკიდოს“. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენი თანხლებით გაასეირნეთ ველოსიპედით;
  • ასწავლეთ ბავშვს ხელების გულდასმით დაბანა საპნით — დღეში რამდენჯერმე. მიაჩვიეთ, რომ სახეზე ხელები არ უნდა შეიხოს;
  • შეძლებისდაგვარად ხშირად რეცხეთ ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები;
  • არავის მიაბაროთ ბავშვი მცირე ხნითაც კი, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფში შემავალ ბებიებსა და ბაბუებს;
  • თუ ბავშვი სხვა მიზეზით გახდება ავად, ჯობს შინ უმკურნალოთ, ვიანიდან საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.