საპატრიარქო: ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა არის დანაშაული ღვთის წინაშე

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობისა და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და აღნიშნული წესი არ შეიცვლება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილი შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრიარქო: ზიარების წესთან  დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 73 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

საპატრიარქოს განცხადებით, სწორედ ეკლესია ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

„ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე, მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობისა და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და აღნიშნული წესი არ შეიცვლება. 

ამირან გამყრელიძე: შემდეგი 3-4 კვირა უფრო რთული იქნება

„ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის უნდა იყოს დაცული მანძილი 2 მ, ეზოში კი 1,5 მ.

დიდი ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით მოძღვრებს ეძლევათ კურთხევა, წირვა-ლოცვაზე და შვიდგზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებზე. ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შეძლებისდაგვარად, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში – შეზღუდვებიდან ერთ-ერთი მთავარი 10-ზე მეტი პირის ერთად შეკრების აკრძალვაა.