„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

კორონავირუსის გამო ევროპაში, იტალიის გარდა, კრიტიკული სიტუაციაა საფრანგეთშიც, სადაც ასევე ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.
Sputnik

პარიზში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს ლალი ნიკოლაძეს ბევრი იცნობს და არა მარტო საქართველოში. მისი ოპტიმიზმი ფრანგებისთვისაც გადამდები და სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. თუ რა სიტუაციაა ახლა პარიზში, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

- ქალბატონო ლალი, რა ხდება პარიზში და კონკრეტულად იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

- პარიზში სულ 20 რაიონია, მე მე-17 რაიონში ვცხოვრობ. როგორც იცით, პარიზის ჰოსპიტლები ძალიან გადატვირთულია. სხვათა შორის, თავიდან ფრანგებმა უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და, ვითომც არაფერი, ისე შეესივნენ ბაღებს, პარკებს, მდელოებს და ამ გაგანია კარანტინში პიკნიკები მოაწყვეს. ამის მერე მაკრონმა კატეგორიულად აუკრძალა მათ გარეთ გასვლა. ახლა ჩვენც, სხვების მსგავსად, სახლში ვართ გამომწყვდეული. სტაციონარში მხოლოდ რისკის ჯგუფი მიჰყავთ, ანუ ხანდაზმული ხალხი და ისინი, ვისაც კრიტიკული მდგომარეობა აქვს, ანუ თითქმის სუნთქვაგადაკეტილი არიან. ჩემს ერთ ნაცნობს სიცხე აღმოაჩნდა და თან მშრალი ხველა ჰქონდა, მაგრამ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. საერთოდ, საავადმყოფოში არავინ გადაჰყავთ, თუ გართულებული სიტუაცია არ არის. ჩემს ახლობელს დღეში ოთხჯერ მისაღებად მხოლოდ „დოლიპრანი“, ანუ სიცხის დამწევი, იგივე „პარაცეტამოლი“ დაუნიშნეს. აფთიაქებში ამ წამლის მარტო ერთი შეკვრა გაიცემა. ანთების საწინააღმდეგო წამლები საფრანგეთში კატეგორიულად აიკრძალა.

„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

- სად უნდა მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში?

- თუ ვინმე შეამჩნევს, რომ სუნთქვა უჭირს და ჰაერის უკმარისობას განიცდის, მაშინვე უნდა დარეკოს ნომერზე 15 და მოაკითხავენ. არსებობს მეორე, ე.წ. „მწვანე ნომერი“, რომელზე ასევე შეგვიძლია დავრეკოთ. რეკომენდაციები იგივეა, რაც ყველგან – ხელების ხშირად დაბანა. თუ მაღაზიაში მოგვინდება გასვლა, საამისოდ სპეციალური საბუთი წინასწარ უნდა შევავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა. მაღაზიებში მხოლოდ ოთხ-ოთხი კაცი შევდივართ, ბევრს ერთად არ გვიშვებენ. ნიღბები მხოლოდ მათთვისაა რეკომენდებული, ვინც ავადაა. დანარჩენები ანტისეპტიკური ჟელეთი ვიმუშავებთ ხელებს და მაღაზიაში ხელთათმანებით შევდივართ. თუმცა, მინდა გითხრათ, როცა ჩემს მეგობართან ფრანგი ექიმი მივიდა, ის ყოველგვარი ეკიპირების გარეშე, მოკლე მაისურში და ჯინსებში იყო გამოწყობილი. მკურნალმა ექიმმა გაგვაფრთხილა, საავადმყოფოებში არ მიხვიდეთ, თუ სიტუაცია კრიზისული არ არისო.

„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

- ექიმებს რაც შეეხება, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველი ექიმების სამადლობელ საყოველთაო აპლოდისმენტებს პარიზიდან შეუერთდით და ფრანგი მეზობლებიც აიყოლიეთ...

- ქართველი ექიმების და მედპერსონალის თავდადებას მთელი უბანი ერთად ვუკრავდით ტაშს. თან ხმამაღლა ვიძახდი – ბრავო, ექიმებო! ქართველი მედიკოსების მიმართ მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მოწიწება და უდიდესი პატივისცემა. ბარაქალა თქვენ, კიდევ ერთხელ გლოცავთ და გადიდებთ! ყველგან მარტო საქართველოზე ვლაპარაკობ. ჩემი წყალობით ჩვენს ქვეყანაზე ჩემი შვილის კოლეჯშიც ყველამ იცის. ძალიან ავღელდი, როცა თვალზე გავიკეთე ოპერაცია და ჩემმა ექიმმა მითხრა, შენი ქცევებით ჩემთვის შენ ხარ საქართველოო. მე ქუთაისში დავიბადე, სკოლა აფხაზეთში დავამთავრე. ქუთაისში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. პარიზში 19 წელია რაც ვარ. ეს ცოტა დრო არ არის, მაგრამ ამ ხნის მანძილზე გონებაში სულ ეს მქონდა: ლალი, ქართველი ხარ, ქართველი და სხვას არ უნდა შერცხვეს შენი ქართველობა!..

„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

- საკმაოდ აქტიური ქალბატონი ხართ და კარანტინის დროს სახლში რას საქმიანობთ?

- სულ ვფიქრობ, რა ვაკეთოთ მე და ჩემმა შვილმა ამ ორ ოთახში? პიანინოზე დავუკრავ, ნაირ-ნაირ კერძებს მოვამზადებ, დავალაგებ. იქნებ რამე სიმღერა და ლექსიც დავწერო. მაგარი წითელი "ნავაროჩენი" საკერავი მანქანა მაქვს ნაყიდი, ყუთში დევს მყარად, ამოვათრევ და კერვას ვისწავლი, "სტროჩკის" დაკვრას მაინც დავამხეცებ, ნაჭრები, ნემსები, ძაფები და ანტიკვარული სათითურები მაქვს.

„პარიზში სითბოა, ყველას ღია აქვს ფანჯარა, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვამხნევებთ“

- რიგითი ფრანგები როგორ იქცევიან, თქვენს სამეზობლოში რა ხდება?

- ახლა პარიზში სითბოა და ყველას ღია აქვს ფანჯრები, საიდანაც მეზობლები ერთმანეთს ვუცინით და ვამხნევებთ. ასეთ დროს ერთად რომ ვართ, აშკარად ვგრძნობ. როცა მზე ჩადის, მივუჯდები ხოლმე კლავიშების დედა ინსტრუმენტს, Roland-ს და ქართული რეპერტუარით ფრანგი მეზობლებისთვის უფასო კონცერტებს ვმართავ. პირველად როცა დავუკარი, მითხრეს, რა კარგი დაკვრა და სიმღერა გცოდნია, ამას გვიმალავდიო. ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და ასეთ მომენტებში უფრო ხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის თანადგომას, სადაც უნდა იყო, თბილისი იქნება ეს თუ პარიზი...