თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, ვარაუდობს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი.
„ერთი დადასტურებული ინფიცირებულის თანაფარდობა ათ გამოუვლენელ შემთხვევასთან სრულიად დამაჯერებლად ჟღერს“, — განუცხადა ბორელიმ გაზეთ La Repubblica-ს.
მისი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადაასწროს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 927 ადამიანია. აქედან გარდაიცვალა 6 077 და განიკურნა 7 432 პაციენტი.
სულ მსოფლიოში, ეპიდემიის აფეთქების დღიდან, დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 387 382 შემთხვევა. აქედან გარდაიცვალა 16 767 და განიკურნა 101 987 ადამიანი.