კორონავირუსი და ტრანსპორტი: რა არის დაშვებული და აკრძალული

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა, განსაკუთრებით მძიმე ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებულის მდგომარეობაა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები  სამშაბათიდან, 24 მარტიდან შევიდა ძალაში.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით დასახლებულ პუნქტებს შორის მგზავრთა გადაყვანა აკრძალა.

აიკრძალა სარკინიგზო მიმოსვლა, საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა, ხოლო А პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილება მხოლოდ პირადი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

საქართველოს მსხვილ დასახლებულ პუნქტებში მუშაობს შიდა საქალაქო ტრანსპორტი – ავტობუსები, დედაქალაქში ასევე მეტრო.

შეზღუდვა არ შეეხება ტვირთების გადაზიდვას – საერთაშორისო და შიდა გადაზიდვას რკინიგზით, ავტომობილით ან საზღვაო გზით.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევაა დაფიქსირებული, განსაკუთრებით მძიმე ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებულია. მარნეულის მოქალაქის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქალის უშუალო კონტაქტების რაოდენობა, სავარაუდოდ, 90-მდე ადამიანს შეადგენს. მან დედა დაკრძალა და ქელეხზე ბევრი ადამიანი მივიდა. შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით იგი ადგილობრივ ექიმებთან დადიოდა, რომლებმაც დროულად ვერ შეამჩნიეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ამის გამო ადგილობრივი კლინიკაც კარანტინშია.

მარნეულიდან მეზობელ ბოლნისამდე საკუთარი ავტომობილითაც კი აკრძალულია გადაადგილება – მუნიციპალიტეტებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ექიმები თითოეული ოჯახის შემოწმებას გეგმავენ.

ორივე მუნიციპალიტეტში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა, კონტროლდება შიდა გზები.

ქვეყნის შიდა გადაადგილების აკრძალვასთან ერთად შეწყდა ავიამიმოსვლა გარე სამყაროსთან.

18 მარტიდან საქართველომ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან კი მთლიანად შეწყდა ავიამიმოსვლა. განხორციელდება მხოლოდ ავიარეისები, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში ჩამოიყვანს.