სუბარი: მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდება

იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ ჩავარდეს, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. იმისთვის, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდეს, ადამიანების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გასვლა და მუშაობა სოციალური დისტანციის დაცვით მოხდება, ამის შესახებ პირველი არხის ეთერში პრემიერის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ახლა არის ყველაზე დაძაბული პერიოდი და ვაკეთებთ ისე, რომ არ შეექმნას მოსახლეობას საფრთხე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ ჩავარდეს. ამისთვის მათ ექნებათ საშუალება, წავიდნენ მინდორში. ოღონდ უნდა წავიდნენ სოციალური დისტანცირების დაცვით, მარტო წავა და მარტო მოვა, იმუშავებს და ამაში ადამიანს არ შეეშლება ხელი“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ამ რეგიონში შემოსავლის მთავარი წყარო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გაყიდვაა, რაც ასევე მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვისაც, ამიტომ ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ იქიდან პროდუქციის უსაფრთხო წამოღება იყოს უზრუნველყოფილი.

საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წუხელ საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დააწესა. საკარანტინო რეჟიმის დაწესება აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ მარნეულში დადასტურდა ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ამ ორი რაიონიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

სუბარის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგენილი არ არის, ვისგან გადაედო ადამიანს კორონავირუსი, ამასთან, სანამ ის ექიმს მიაკითხავდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ამ ორ რაიონში მკაცრი კარანტინის დაწესება.

მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში საკარანტინო შეზღუდვების დაცვასა და საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მასთან კოორდინირებულად მოქმედებს თავდაცვის სამინისტრო.

კარანტინი საქართველოში: ორ რაიონში სამხედრო ტექნიკა შევიდა>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8, კარანტინის რეჟიმშია – 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.