თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
23 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3320, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია.
შაბათს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან იყო დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.
ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.
მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.