COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო-სომხეთის საზღვარზე სატვირთო მანქანები დაგროვდა

საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა, სომხური სატვირთო ავტომობილები დაგროვდა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. სომხური სატვირთო ავტომობილები დაუბრკოლებლად გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტისაკენ მარნეულისა და ბოლნისის რაიონების საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგაც, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

COVID 19: სტენფორდელი პროფესორი საყოველთაო კარანტინს უფრო სახიფათოდ მიიჩნევს

აღსანიშნავია, რომ „სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან გზა „ზემო ლარსისკენ“ მარნეულზე გადის. 23 მარტის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანა. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევა. ინფიცირებულია ქალბატონი. დაავადების წყარო ჯერ დაუდგენელია. მარნეულში შეიქმნა საველე ჰოსპიტალი, შეიზღუდა მოქალაქეთა მგზავრობა.

„შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთმზიდებზე, ავტომობილებს დეზინფექცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც პოლიციის თანხლებით დანიშნულების პუნქტამდე მივლენ“, - განაცხადეს საქართველოში სომხეთის საელჩოში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნეს ასევე, რომ სომხური სატვირთოების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ორი მიზეზით შეწყდა: საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიაზე მანქანების დიდი ოდენობით თავმოყრის გამო (ამიტომ ისინი უკვე სომხეთის საზღვარზე გააჩერეს) და მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო. „სადახლოს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 მარტს, 21:00 საათზე გაიხსნება.

ლოგისტიკური კომპანია „სათის“ დირექტორმა მაკარ არაკელიანმა, თავის მხრივ, „Sputnik-სომხეთს“ განუცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიას ლარსამდე სომხური ავტომობილები პოლიციის თანამშრომლების თანხლებით გაივლიან.

„ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი, მძღოლებს უსინჯავენ ტემპერატურას, შემდეგ კი ლარსამდე აცილებენ პოლიციელები. საქართველოს ხელისუფლება ამ ზომებს მიმართავს უსაფრთხოების მიზნით, რათა მძღოლები არ გადმოვიდნენ ავტომობილებიდან და არასად გაჩერდნენ“, - განმარტა არაკელიანმა.
„გამოჯანმრთელებულებს შორის გამყრელიძეა“ – ამირან გამყრელიძის შვილი მიმართვას ავრცელებს

ამასთან, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ათეულმა სომხურმა სატვირთომ მოიყარა თავი.

კომპანია „სპაიკის“ პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათი კომპანიების სატვირთოები 9 დღეა, ვერ კვეთენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს.

როგორც ცნობილია, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 61 ადამიანია. კარანტინში რჩება 3320 ადამიანი, სტაციონარში - 235.