მსოფლიო დღეს

„ყველა ჩასუნთქვისთვის ვიბრძვი“ - COVID 19-ით ინფიცირებული რეანიმაციიდან ვიდეოს აქვეყნებს

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ფილტვები მინის ნამსხვრევებით აქვს სავსე, და რომ ყოველი ჩასუნთქვისთვის იბრძვის.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი ― Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულმა ახალგაზრდა ბრიტანელმა ქალმა, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული, ახლობლებისთვის ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ვერაგ დაავადებაზე მოუთხრო მათ და სთხოვა, იყვნენ ფრთხილად და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. 

კადრებში ჩანს, როგორ უჭირს სუნთქვა 39 წლის ტარა ჯეინ ლენგსტონს და როგორ ახველებს ის.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ფილტვები მინის ნამსხვრევებით აქვს სავსე, და რომ ყოველი ჩასუნთქვისთვის იბრძვის.

„ვწევარ რეანიმაციაში და მილის გარეშე ვერ ვსუნთქავ... თანაც ახლა ათჯერ უკეთ ვარ. დღეების სათვალავი უკვე ამერია“, ― ამბობს ტარა ჯეინი. 

COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი მოუწოდებს ადამიანებს, არ გამოსცადონ ბედი.

„ამას სერიოზულად გეუბნებით. იმიტომ რომ თუ აქ მოხვდით, ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება“, ― აფრთხილებს ის ხალხს.

ტარა ჯეინ ლენგსტონმა შეაქო საავადმყოფოს მედპერსონალი და დანანებით აღნიშნა, რომ მათ უკვე უთავდებათ სამედიცინო ნიღბები.