თბილისი, 22 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 26 წლის მამაკაცი დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს სოფელ ქუთლიარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 28 წლის თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.