გამყრელიძე: ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მეექვსე კვირას

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძის პროგნოზით, პიკური პერიოდი საქართველოში 8 აპრილის შემდეგ უნდა დაიწყოს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მეექვსე, მეშვიდე კვირაში იწყება, ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრეკრიტიკულ ფაზაში შევდივართ და საჭიროა, მეტად გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ატარებს.

„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან სამი კვირა გუშინ წინ დამთავრდა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებულ 18 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

ამირან გამყრელიძის პროგნოზით, პიკური პერიოდი საქართველოში 8 აპრილის შემდეგ უნდა დაიწყოს.

22 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 54-ს მიაღწია, კარანტინში 3 254 ადამიანია, კიდევ 233 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.