საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: კიდევ რა შეზღუდვებია მოსალოდნელი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს საქართველოში შესაბამისი კანონი არეგულირებს. ხელისუფლებას ჯერ ბოლომდე არ გამოუყენებია თავისი რესურსები
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებს განსაზღვრავს სპეციალური კანონი „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც გაწერილია, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია მთავრობას ამ სიტუაციაში.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: რა შეზღუდვები წესდება >>

კანონის თანახმად, მთავრობას აქვს უფლება გააძლიეროს საზოგადოებრივი წესრიგის და იმ ობიექტების დაცვა, რომელთა ფუნქციონირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.

გარდა ამისა, მას უფლება აქვს გამოასახლოს მოსახლეობა სიცოცხლისთვის საშიში რაიონებიდან და მოქალაქეებს დროებითი საცხოვრისი შესთავაზოს.

პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა

ასევე საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება დაუწესონ შესვლა-გამოსვლის განსაკუთრებული რეჟიმი, შეუზღუდონ გადაადგილების თავისუფლება, აუკრძალონ სახლებიდან გამოსვლა განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. მთავრობას შეუძლია გააძევოს ქვეყნიდან დამრღვევები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ასევე აქვს უფლება დააწესოს შეზღუდვები სპეციალური ნივთიერებებზე, ტექნიკასა თუ იარაღზე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს, შეიძლება აიკრძალოს მიტინგები და სხვა მასობრივი ღონისძიებები, შეიძლება შეიცვალოს საწარმოების ფუნქციონირების წესი,  პროდუქციის მიწოდების წესი, საწარმოების მუშაობაზე დაწესდეს სპეციალური კონტროლი და აიკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სახელმწიფოს აქვს უფლება შემოიღოს კომენდანტის საათი, გამოიყენოს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისა და საწარმოების რესურსები, მოქალაქეთა ქონება, გამოაცხადოს შრომისუნარიანი მოქალაქეების მობილიზაცია, დააწესოს კარანტინი, გააკონტროლოს მედია და შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული წესები.

საგანგებო მდგომარეობა დღეს საქართველოში

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გეორგი გახარის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებულია შეზღუდვები საქართველოს ყველა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა ტვირთის გადაზიდვისა.

საქართველო და კორონავირუსი: რომელი მაღაზიები იმუშავებს

საქართველოში აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, მათ შორის მაღაზიებში.

ყველა საჯარო სამსახური მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის და საქართველოს მთავრობას უფლება აქვს შეზღუდოს საკუთრების უფლება და სამედიცინო მიზნებით ან კარანტინის მოსაწყობად გამოიყენოს კერძო პირების ან ორგანიზაციების ქონება და მატერიალური ბაზა.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა დაარეგულირებს ფასებს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და სურსათზე.

მთავრობა ასევე განსაზღვრავს განათლების ახალ წესებს და, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას შეეძლება სამედიცინო განათლების მქონე ყველა პირის მობილიზება.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დროს, სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართება.

საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინისა და იზოლაციის პირობების დარღვევისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 15 ათასი ლარით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით.