კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი
Sputnik

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

ეზუგბაიას განცხადებით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, იგი მანამდე  თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია. ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდაა. დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„გუშინ თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დანარჩენთან უარყოფითი. პარალელურად, შემოსულ პაციენტებთან, რომლებთანაც უკვე გავიდა 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგებს.  მონიტორინგი შეგვიძლია ჩავატაროთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან საყურადღებოა სამის მდგომარეობა. მათგან ორი არის ხანდაზმული, ერთს მწვავე პნევმონიაა აქვს. დანარჩენების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, არასრულწლოვანთა მდგომარებაც დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.