თერმომეტრები პარლამენტის შესასვლელში: ყველა პირს სიცხეს გაუზომავენ

ის პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში კონტროლი მკაცრდება – ამიერიდან შენობაში შესვლამდე ყველა მოქალაქე აუცილებელ პროცედურებს გაივლის. 

საქართველოს პარლამენტი ჟურნალისტებისთვის ახალ წესებს შემოიღებს

პარლამენტის შესასვლელში აპარატის თანამშრომლებსა და დეპუტატებს, ასევე ჟურნალისტებს ტემპერატურას გაუზომავენ. პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან – მათ ექიმისთვის მიმართვის რეკომენდაციას მისცემენ.

პარლამენტში ასევე დროებით შეჩერდა საშვების გაცემა.

განსაკუთრებული წესები მოქმედებს ჟურნალისტებისთვისაც. მათ ეკრძალებათ ინტერვიუს აღება, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, სადაც მათ და რესპონდენტებს შორის აუცილებელი დისტანცია იქნება დაცული. აიკრძალა ჟურნალისტების დასწრება კომიტეტების სხდომებსა და პლენარულ სესიებზე – ისინი სხდომის მსვლელობას თვალყურს სპეციალური მონიტორის საშუალებით ადევნებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობა პრობლემებს ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს და სპეციალურ ზომებს იღებს.