თბილისის მერია ხანდაზმულ მოქალაქეებს საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდის

სპეციალურად გადამზადებული მოხალისეები ხანდაზმულ მოქალაქეებს ამანათებს მიუტანენ, რომლებშიც საკვები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები იქნება.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. თბილისის მერია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს, რომლის ფარგლებშიც წითელი ჯვარი მოხუცებისთვის დახმარების გაწევის მსურველებს გადაამზადებს,  განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე. 

კორონავირუსის წინააღმდეგ: დედაქალაქის მერიამ და წითელმა ჯვარმა „ცხელი ხაზები“ აამოქმედეს

კალაძის თქმით, მოხალისეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და მათი გადამზადება ყოველდღიურად მოხდება.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

„პირველ ეტაპზე შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები მოხალისეების საშუალებით ამანათებს მიიღებენ, რათა მათ სახლიდან გასვლა არ მოუწიოთ. ასევე, სადაც ამის საშუალება იქნება, მოხალისეები მათ ნაცვლად გავლენ სახლიდან და გარკვეულ საბაზისო საჭიროებებს მოუგვარებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ასევე შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი, რომელიც საკვებ პროდუქტებთან ერთად გადაეცემათ მოხუცებს.

მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც დახმარების მიღების სურვილი აქვთ, უნდა დარეგისტრირდნენ მერიის „ცხელ ხაზზე“ – 2 72 22 22. 

თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები იცვლება

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. 

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით დაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ყველა საქართველოს მოქალაქე კარანტინში იმყოფება.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ., არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს გაეცანით აქ.