ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ამინდის გაუარესების გამო საქართველო-რუსეთის საზღვარზე სურსათით დატვირთული ათასზე მეტი ტრაილერია გაჩერებული
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გაზრდილი საფრთხის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის 80-87-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კვლავ გუდაური(ფოსტა)–კობის და დარიალი-ლარსის (126-137-ე კმ) მონაკვეთებზე.

მთავრობა: ქვეყანაში სურსათის საკმარისზე მეტი მარაგია

რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა ორშაბათს დილით ინტენსიური თოვის შედეგად ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.

ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ლარსზე ძალიან დიდი რიგი შეიქმნა - სურსათით დატვირთული ათასზე მეტი ტრაილერი, ხოლო ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟის გამო ბურღულეულზე გარკვეული დეფიციტი შეიქმნა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ე.წ. სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.