საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა - ლარი ოდნავ გამყარდა

ლარის კურსი დოლარის მიმართ ეცემა 9 მარტიდან, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში გაურკვევლობა გაჩნდა
Sputnik

თბილისი, 19 მარტი - Sputnik. ხუთშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,1564 GEL/$1.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გაუფასურება ორშაბათს, 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა დაემთხვა. 10 დღეში ლარი 15,9%-ით გაიაფდა.

კარანტინში დაპატიმრებული ფული, ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა

ლარის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში ჩაატარა ორი აუქციონი, სადაც 60 მილიონი დოლარი გაყიდა.

შედეგად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 20 მარტისთვის დადგენილია 3,1568 GEL/$1 ოდენობით. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0236 ლარით გამყარდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

კარანტინში დაპატიმრებული ფული, ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა >>

საერთაშორისო პროგნოზირების და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს ზომები ჯერ კიდევ 9 მარტს უნდა მიეღო.

„ჯერ კიდევ 9 მარტს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, ჩვენ გამოვედით განცხადებით, რომ საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება და აუქციონზე თუნდაც 10 მილიონი დოლარის გატანა, რათა პანიკა შეჩერდეს“, - განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა არ შეისმინა რეკომენდაციებს და ზომები არ მიიღო. შედეგად ეროვნულ ბანკს ეს გაცილებით მეტი დაუჯდა - 60 მილიონი დოლარი, ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

როგორ იმოქმედებს სებ-ის გადაწყვეტილება ლარის კურსზე

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 1 მარტს მიიღო გადაწყვეტილება არ გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და ის 9%-ის დონეზე დატოვა.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დონის შესამცირებლად 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდიდან წლის ბოლომდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 იანვარს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 9%-ის დონეზე დატოვა.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ თუ ნომინალური გაცვლითი კურსის ზეწოლა ინფლაციაზე გაძლიერდება, ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებს. ხოლო თუ საგარეო მოთხოვნის წნეხი უფრო გაძლიერდება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება.

თავის მხრივ შენგელიამ აღნიშნა, რომ 9%-ის დონეზე რეფინანსირების განაკვეთის დატოვებით ეროვნულმა ბანკმა არასწორი ნაბიჯი გადადგა.

ფული კარანტინზე: ცენტრალური ბანკი COVID-19-ის გამო ბანკნოტებს ბრუნვაში არ გაუშვებს >>

„ამ მომენტისათვის, რეფინანსირების განაკვეთი იქნება 8%, 9% თუ 7,5%, ლარის კურსისათვის ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. საგანაკვეთო პროცენტები - ეს ძალიან ბევრია იმისათვის, რომ საქართველოში მცირე ან საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ჩვენი ეკონომიკა ტურიზმს ჩამოეკიდა, მთელი ეკონომიკა და ლარის კურსი ეყრდნობოდა ტურიზმსა და ემიგრანტების შრომას, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და ნათესავებს ფულს უგზავნიან“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, იმის ფონზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, და არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, საქართველოს მხოლოდ ერთი რამ გადაარჩენს.

„როგორც კი ხელისუფლება მიიღებს დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, საჭიროა ლარის კურსის დასტაბილურება, მაგრამ ამ ფულის გარკვეული ნაწილი უნდა მიედინებოდეს რეალურ ეკონომიკაში, ორგანიზაციებში, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას, ან გადამამუშავებელ მრეწველობაში, ეს გადაარჩენს საქართველოს და მოსახლეობას“, - აღნიშნა შენგელიამ.

სიტუცია საქართველოში

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით დაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ყველა ჩამოსული საქართველოს მოქალაქე კარანტინში თავსდება.

ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ეკლესიებში დეზინფექცია ტარდება, ზოგიერთი კონფესიების ტაძრებში მსახურება გაუქმებულია.

საქართველოს მთავრობამ სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადამდელი დახურვის შესახებ გამოაცხადა.

რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიების გაუქმების შესახებ. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაიდო სპორტული, კულტურული და სხვა მასობრივი ღონისძიებები. დაიკეტა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.