ტიკარაძე: კორონავირუსზე ტესტირების გამარტივება არ იგეგმება

დღეისათვის კორონავირუსზე  ტესტირება ხორციელდება ერთ–ერთ კერძო კლინიკასა და  სახელმწიფო ლაბორატორიაში.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი  — Sputnik. მცდარი პასუხების რისკის გამო მოცემულ მომენტში კორონავირუსზე მოქალაქეების სწრაფი–ტესტირების გამარტივება არ იგეგმება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული პროგრამისთვის თანხებს ეძებს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის  დაკავშირებული. ვირუსის  შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა კი ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

 „ჩვენ უფლება არ გვაქვს მარტივი გზით წავიდეთ, რამდენადაც არსებობს გარკვეული საფრთხე იმისა, რომ დადასტურებული ან უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, შეიძლება იყოს დიდი ცდომილება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ ხარისხს და  ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია  ტესტირების ხარისხი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ადრე უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველო კორონავირუსის  გამოვლენის მიზნით სწრაფი ტესტების დანერგვაზე მუშაობს. ამასთან, აღინიშნა,  რომ  სამინისტრომ მიიღო ხუთი წინადადება ექსპრეს–ტესტებთან დაკავშირებით და  მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ხარისხის შემოწმების შემდეგ მიიღებს.

დღეისათვის კორონავირუსზე  ტესტირება ხორციელდება ერთ–ერთ კერძო კლინიკასა და  სახელმწიფო ლაბორატორიაში.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. 

გამყრელიძე: კორონავირუსის მქონე 39 პირიდან თორმეტს პნევმონია აქვს

18 მარტიდან საქართველომ ორი კვირით ჩაკეტა საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაე ორკვირიან კარანტინში გადაჰყავთ.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, სხვადასხვა კონფესიების ტაძრებში ზოგიერთი მსახურება გაუქმდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მთის კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა. დაიხურა თითქმის ყველა თეატრი და მუზეუმი.

მუშაობა შეწყვიტა თბილისის ცნობილმა ღამის კლუბებმა. გაუქმდა საქართველოს ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და რაგბის ჩემპიონატები. სილამაზის სალონებმა, კაფე-ბარებმა, გასართობმა ცენტრებმა, სამორინეებმა და ტოტალიზატორებმა საქართველოს მთავრობისგან მუშაობის შეწყვეტის რეკომენდაცია მიიღეს. მუშაობა შეწყვიტა სამარშრუტო ტაქსებმა. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.