თბილისი, 17 მარტი - Sputnik. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა შესაძლოა გადაიდოს >>
ლონდონში, მოკრივეთა სალიცენზიო ტურნირზე ლიცენზიის მოსაპოვებლად ალახვერდოვს მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებოდა. ჩვენმა მოკრივემ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და მერვედფინალში სერბ დუშან იანიჩს მოუგო - 5:0.
ალახვედროვის მომდევნო მეტოქე ფრანგი ბილალ ბენამასი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტურნირი შეწყვიტა.
ამგვარად, 2020 წლის 17 მარტისათვის საქართველოს შვიდი ლიცენზია აქვს. ადრე ტოკიოს თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს: ნინო სალუქვაძემ (პისტოლეტიდან სროლა), გენო პეტრიაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ (თავისუფალი ჭიდაობა), იაკობ ქაჯაიამ და გიორგი მელიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძემ (ფარიკაობა).
გასულ ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში (2016) საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 40 სპორტსმენი წარმოადგენდა. ჩვენმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.