თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ მეოთხეული გადაცემა არ დაფიქსირებულა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, ვინაიდან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ.

„ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, რამდენიმე არის პრობლემური, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები. მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან ასთმა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ეგვიპტიდან ქართველ სტუდენტებს სამშობლოში ჩამოიყვანენ

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის პნევმონია 11 პაციენტს აღენიშნება.

ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, მათგან 30-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„შვიდი პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომლებიც განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ კორონავირუსით ინფექციების. ერთი იცით, რომ გაჯანმრთელებული გაეწერა. ანუ სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ტენდენციას, როგორც თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ მეოთხეული გადაცემა არ დაფიქსირებულა.

„ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენად ვიცი, უმეტესობის, ექსპერტების, რომ ეს არ იყო მეოთხეული გავრცელება, რამდენადაც ის პაციენტი ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა. მეტი ალბათობით, ის ამბობდა ვისგან დაინფიცირდა, ვიდრე -არა. ამიტომ ეს არ არის მეოთხეული გავრცელება, ან თუ არის, ერთადერთი შემთხვევაა მხოლოდ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ჯერ არ არის“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ქართული საწარმოები აუცილებელი საქონლის წარმოებას დაიწყებენ

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია.

კორონავირუსის გამო ქვეყანა ცხოვრების ახალ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთელი რიგი აკრძალვები და შეზღუდვები დაწესდა.