მსოფლიო დღეს

COVID-19: წამყვანი ჩინელი ექიმები ევროპელი კოლეგების შეცდომას ასახელებენ

აღინიშნება ისიც, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში, სხვა სპეციალისტებთან შედარებით, ყველაზე ხშირად ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის ექიმები ავადდებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ევროპელი მედიკოსები იმავე შეცდომას უშვებენ COVID-19-თან ბრძოლისას, რაც უჰანში იყო დაშვებული — ეს კორონავირუსისგან ექიმების არასაკმარისი დაცულობაა, აცხადებენ წამყვანი ჩინელი ექიმები, რის შესახებაც წერს Bloomberg-ი. 

COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მთავარი მიზეზი: მეცნიერები ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ

მათი თქმით, ქალაქ უჰანში ეპიდემიის აფეთქების პირველ კვირებში, იმის გამო, რომ დაავადება იყო უცნობი და, ამასთან, არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის დაცვის საშუალებები, პაციენტების მკურნალობის პროცესში ათასობით მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა.

„ჩვენი ევროპელი კოლეგები ასევე ინფიცირდებიან ამ დაავადებით ყოველდღიური მუშაობისას და ეს ძალიან წააგავს იმას, რაც უჰანში ხდებოდა. ჩვენ უნდა შევძლოთ ექიმების დაცვა“, — განაცხადა პეკინელმა პროფესორმა ვუ დონგმა.

აღინიშნება ისიც, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიცენტრში – უჰანში, სხვა სპეციალისტებთან შედარებით, ყველაზე ხშირად ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის ექიმები ავადდებოდნენ. ეს, სავარაუდოდ, იმის გამო ხდებოდა, რომ მათ ყველაზე მჭიდრო კონტაქტი უწევდათ ინფიცირებულებთან მათი მკურნალობის დროს.

COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს>>

ამასთან, ჩინელი მედიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ, SARS-სგან განსხვავებით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ბევრს დაავადების არანაირი სიმპტომი არ უვლინდება და მხოლოდ ვირუსის გადამტანებად გვევლინებიან. ამიტომ საჭიროა გამუდმებული კონტროლი და შემოწმება. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში საეჭვო შემთხვევების გამოვლენა და ახლო კონტაქტების იზოლაციაში მოქცევა შეუძლებელი იქნება.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროსათვის მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ეპიდემიის დაწყების დღიდან სულ 198 004 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაცვლილია 7 948 და განკურნებულია 81 950 ადამიანი.