საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა – ერთი. კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. გამორიცხული არ არის, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ბავშვთა დაავადების პროცენტი შედარებით მაღალია

მისი სიტყვებით, რამდენიმე პრეპარატი კლინიკური კვლევის პროცესშია, რათა მათი ეფექტურობის დადასტურება მოხდეს. საკმაოდ კარგი პრეპარატი აქვს ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-ს, სწორედ ამ კომპანიამ მოამარაგა საქართველო С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებით.

კითხვაზე – გახდება თუ არა საქართველო პირველი ქვეყანა, რომელიც ანტივირუსულ პრეპარატს მიიღებს, იმნაძემ კომპანია Gilead–თან საქართველოს თანამშრომლობა გაიხსენა.

„რამდენიმე პრეპარატი არის კლინიკური კვლევის პროცესში, რათა დადასტურდეს მათი ეფექტიანობა. ეს არის ბევრი პრეპარატი, მათ შორის ანტიმალარიული გარკვეული პრეპარატები, შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები... Gilead-ს აქვს ძალზე კარგი პრეპარატი. ვითვალისწინებთ რა ამ კომპანიისა და საქართველოს ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს, ჩვენ იმედი გვაქვს“,  – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ფასდება არა მარტო ციფრებით, არამედ სხვა მრავალი ფაქტორით. მისი სიტყვებით, საქართველოში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა მაქსიმალურად მოხდეს თავის არიდება ისეთი ვითარებისგან, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა, როდესაც ელვის სისწრაფით დაიწყო ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა – ერთი. კარანტინში იმყოფება 1261 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტი: დღეს გახდება ცნობილი, გველოდება თუ არა ეპიდემია

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირის განმავლობაში ეკრძალებათ.

მანამდე საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.