თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ტაშით გადაუხდიან. ფლეშმობი სოციალურ ქსელში 18 მარტს 21:00 საათისთვის დაიგეგმა.
იდეის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ერთგვარი მადლიერება იქნება კორონავირუსთან მებრძოლი მედპერსონალის მიმართ.
„ვიცით, რომ ესპანეთში, ჩინეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში და სხვაგანაც ტაშის დაკვრით გამოხატეს მადლიერება კორონავირუსთან მებრძოლი მედპერსონალის მიმართ. ჩვენ, რა, მადლიერების გრძნობა არ გვაქვს თუ რა? ვერ ვხედავთ, ექიმები, სანიტრები, ექთნები, ლაბორანტები, მთლიანად მედპერსონალი რა დაუღალავად ებრძვის ახალ სენს? 18 მარტს, 21:00 სთზე, საკუთარი აივნებიდან, სარკმელებიდან, უსაფრთხო სივრცეებიდან მქუხარე ტაშით გადავუხადოთ მადლობა მათ. როცა მედიცინა ვირუსს დაამარცხებს, მაშინ კი ინფექციურთანაც მივიდეთ“, – წერს გოგა ჩანადირი.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა.