თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID 19-ის პანდემიის გამო, რომელიც ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს 143 ქვეყანაშია გავრცელებული, არაერთი შეზღუდვა და სპეციალური წესებია შემოღებული.
ასეთ სპეციალურ წესებს განეკუთვნება ინფიცირებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების თვითიზოლაცია, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს.
ამ დროისათის ჩვენს ქვეყანაში სპეციალურ რეჟიმში ცხოვრობს 1 100 ადამიანი, რომელთაგან 22-მა დაარღვია თვითიზოლაციის წესი და ისინი კარანტინზე იძულებით გადაიყვანეს.
იმისათვის, რომ გარემოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრება გავუადვილოთ, Sputnik-საქართველომ მოიძია რამდენიმე რეკომენდაცია და ინსტრუქცია, რომლებიც ბევრად დაგეხმარებათ შეზღუდვებისთვის თავის გართმევაში.
COVID-19: რატომ იტალია და რა ელით სხვა ქვეყნებს – ექსპერტის მოსაზრებ>>
ვის ეხება თვითიზოლაცია
- ვინც კორონავირუს COVID 19-ზე ტესტის პასუხს ელოდება;
- ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან;
- ვინც იმ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც Covid-19-ის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, თანაც მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები არ აქვს.
კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს>>
თვითიზოლაცია, თუ მარტო ცხოვრობთ
- წინასწარ მოიმარაგეთ საკვები პროდუქტები — სასურველია ისეთი, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს, მედიკამენტები — რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული ან იცით, რომ პერიოდულად გჭირდებათ, ასევე წყალი (ხომ შეიძლება, დაწყდეს?) სადეზინფექციო საშუალებები, ნიღბები.
- კარგი იქნება, თუ ბინის გასაღებს დაუტოვებთ სანდო ახლობელს, რომელიც რთულ ვითარებაში შეძლებს კარის გაღებას;
- ხშირად გაანიავეთ ბინა და სადეზინფექციო საშუალებებით გაწმინდეთ ნივთები, რომლებსაც მანამდე ეხებოდით;
- თუ შინ დიდი ტანის ცხოველი გყავთ, რომელსაც გასეირნება ესაჭიროება, შეეცადეთ გარეთ მხოლოდ იმ დროს გახვიდეთ, როდესაც ქუჩაში ადამიანები აღარ არიან — გვიან ღამით ან ადრე დილით. ოღონდ ესეც უკიდურეს შემთხვევაში. სავარაუდოდ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის არ დაგსჯიან.
COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა>>
თუ ოჯახში სხვებიც არიან
- გამოყავით ცალკე ოთახი თქვენთვის;
- თუ გაქვთ საშუალება, ისარგებლეთ ასევე ცალკე საპირფარეშოთი და აბაზანით; თუ არა — აუცილებლად დაამუშავეთ ისინი სადეზინფექციო ხსნარებით სარგებლობის შემდეგ, რათა ოჯახის წევრები რისკისგან დაიცვათ. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ სამედიცინო ხელთათმანებით, რომლებსაც მერე გადაყრით;
- ისარგებლეთ ცალკე ჭურჭლითა და პირსახოცებით;
- იკვებეთ მარტო — თქვენთვის გამოყოფილ ოთახში. ოჯახის წევრებს შეუძლიათ საკვები კართან დაგიდგან და თავად მოშორებით დადგნენ, რათა სავარაუდო ვირუსი არ გადაედოთ (შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის ვირუსი საკმაოდ მძმეა და მას დიდ მანძილზე ფრენა არ შეუძლია). ჭამის დამთავრების შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვენი ოთახის კართან გამოდგმული ჭურჭელი სამედიცინო ხელთათმანებითა და ნიღბით აღჭურვილებმა უნდა აიღონ და ისე გაიტანონ დასამუშავებლად — ცხელი წყლით გასარეცხად. ამის შემდეგ გამოყენებული ხელთათმანები და ნიღაბი ფრთხილად უნდა მოიხსნან და გადაყარონ — მათი ხელმეორედ გაკეთება დაუშვებელია;
- ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
- თუ ოჯახში ცხოველი გყავთ, მასთან კონტაქტსაც აარიდეთ თავი;
- თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი აუცილებელი გახდა, გაიკეთეთ ნიღაბი და დაიცავით მანძილი — დაახლოებით სამი მეტრი;
- თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, შეგიძლით საკუთარ ეზოში სასეირნოდ გაბრძანდეთ, ოღონდ არ უნდა მიუახლოვდეთ და იკონტაქტოთ სხვებთან — გაესაუბრეთ შორიდან.
თვითიზოლაციაში უნდა დარჩეთ 14 დღე, ან მანამ, სანამ ტესტის პასუხი არ მოგივათ.
თუ ნებაყოფლობითი კარანტინის დროს სიმპტომები გამოგივლინდათ — კერძოდ, ხველება, სუნთქვის გართულება, ცხელება, დიარეა, სასწრაფოდ შეატყობინეთ ამის შესახებ შესაბამის სამსახურს. დარეკეთ:
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 15-05 — მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ან 116 001-ზე — დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00 საათამდე;
ინფექციური საავადმყოფოს ცხელ ხაზზე — 595 395 566.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა
მოათავსეთ ყველა ნარჩენი, მათ შორის, ხელსახოცები, ხელთათამნები თუ ნიღბები ნაგვისთვის განკუთვნილ პაკეტში. როდესაც ის დაახლოებით სამ მეოთხედამდე შეივსება, მოუკარით თავი და ჩადეთ კიდევ ერთ პაკეტში, რომელსაც ასევე უნდა მოუკრათ თავი.
არ გაიტანოთ გადასაყრელად ნარჩენები 72 საათის განმავლობაში. მათი ურნებში გადატანა მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ.