თბილისის უფასო სასადილოებში მომსახურების წესები იცვლება

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის უფასო სასადილოებში 16 მარტიდან მომსახურების წესები შეიცვლება,  განაცხადა დედაქალქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კალაძის  თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეს წესები დროებით შეიცვლება და ყველა ბენეფიციარი ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კვლავაც უწყვეტად და ყოველდღიურად მიიღებს კუთვნილ საკვებს.

„უფასო სასადილოები დროებით, ადგილზე მომსახურების ნაცვლად საკვებს ბენეფიციარებს სახლში გაატანენ და უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი მოქალაქეების დამატებითი რისკებისგან დასაცავად. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ გამოვლენილი იქნება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური მზრუნველობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი სავარაუდოდ გამოჯანმრთელდა

თბილისის მერის განცხადებით, უფასო სასადილოებში ორშაბათიდან შემდეგი დროებითი წესები ამოქმედდება:  

1.  უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში

2.  ასევე, გაგრძელდება ყველა უფასო სასადილოს (62 გამცემი პუნქტის) ყოველდღური დეზინფექცია და სტერილიზება საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით;

3. სასადილოს მომსახურე პერსონალი  სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი  აღჭურვილობით;

4.  სასადილოს/ საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილოს სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი;

საქართველოს ფოსტა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

5. საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული  რისკის მქონე ქრონიკული დაავადების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი;

6. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებითვის, ასევე, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი  ბენეფიციარებისთვის, იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე და განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება, რის შემდეგაც მერიის თანამშრომელები და მოხალისეთა ჯგუფები  უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების  მიტანას საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ სიტუაციებში მოქმედი წესების, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით;

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

7. ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებული იქნება სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფს: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; გააკონტროლებს შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; მიაწვდის ბენეფიციარებს მათთვის საჭირო დამატებით  ინფორმაციას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს.  ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.