სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება

ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა, ასევე  ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტებიც
Sputnik

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული  გადაწყვეტილება  COVID-19-ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ პრევენციულ ქმედებას წარმოადგენს.

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვა ხვალ, 18:00 საათიდან ამოქმედდება.

შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. ასევე,  ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტებიც.

„ამასთან, პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეზღუდვა საქართველოში შემოსვლაზე: ცნობილია ახალი ქვეყნები და ჩამოსულთა მოვალეობები>>

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველომ უკვე შეწყვიტა ავიამიმოსვლა ირანთან, იტალიასთან, ჩინეთთან, დაკეტა სახმელეთო საზღვარი ირანის მოქალაქეებისთვის, რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ქვეყნებთან საზღვარი  10 დღით დაიკეტა.

14 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.