შეზღუდვა საქართველოში შემოსვლაზე: ცნობილია ახალი ქვეყნები და ჩამოსულთა მოვალეობები

აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ საზღვარზე კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დამატებით წესდება შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.

მადლიერების ნიშნად: ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს>>

გარდა ამისა, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა - ხუთი ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება. 

ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.