საქართველოს ფოსტა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველოს ფოსტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფოსტა მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადადის, ოფისები სპეციალურად გამოყოფილ დროებში იმუშავებენ, ნათქვამია საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მარტიდან შემდეგი გრაფიკით იმუშავებენ: კვირაში 4 სამუშაო დღე - ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 09:00-დან 14:00 საათამდე, ხოლო 20 მარტიდან ანალოგიური სამუშაო გრაფიკით მუშაობას განაგრძობს მხოლოდ 28 სერვისცენტრი, ხოლო 53 სერვისცენტრი დროებით შეწყვეტს მუშაობას.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი / 15 მარტისთვის

კომპანიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითია და არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.

საქართველოს ფოსტა  მომხმარებლებს მოუწოდებს,  საფოსტო სერვისების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაღებად, ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  წინასწარ დაჯავშნონ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში და  თავი აარიდონ რიგს.

კორონავირუსის გამო საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით აჩერებს

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 25–ს აღწევს.  ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად  შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. სამინისტროები და უწყებები 24–საათიან  საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.